
ქართლის სამეფოს (ბერძნულ _ რომაული წყაროების იბერიის) ძველი დედაქალაქი მცხეთა (ძვ.წ.IV_III _ ახ.წ.IV_Vსს) ცნობილია ისტორიულ-არქიტექტურიული და არქეოლოგიური ძეგლებით. მათ შესახებ მოგვითხრობენ როგორც ქართული, ასევე უცხოური წერილობითი წყაროები და არქეოლოგიური ძეგლები. დედაქალაქობის დროინდელი “დიდი მცხეთა“ ნახსენები აქვს XI ს-ის ქართველ ისტორიკოსს ლეონტი მროველს თავის თხზულებაში “ცხოვრება ქართველთა მეფეთა”, რომელიც შესულია საისტორიო ქრონიკაში “ქართლის ცხოვრება”, ე.ი. საქართველოს ისტორია: “ ქალაქი დიდი მცხეთა და უბანნი მისნი, სარკინე, ციხე დიდი და ზანავი,უბანი ურიათა”… [იხ. ქართლის ცხოვრება I, 1955: გვ. 17-18]. ამჟამად ეს ტერიტორია ასე შემოიფარგლება: აღმოსავლეთით რკინიგზის სადგური ზაჰესი,
დასავლეთით_ ძეგვი ,ხეკორძულას ხევი და ნასტაკისი, ჩრდილოეთით_მუხრანის სანახები, სამხრეთით _საწკეპელა-დიდგორის ქედი [მცხეთა I, 1955: გვ. ; ნიკოლაიშვილი ვ. 2005: გვ.93-108].
ზემოაღნიშნულ ტერიტორიაზე აღმოჩენილია მცხეთის დედაქალაქობის ხანის წინაპერიოდის (ძვ.წ.IV-IIIათასწლეული_ძვ.წ.V-IVსს), დედაქალაქობისდროინდელი (ძვ.წ.IV_III _ ახ. წ. IV-Vსს) და შემდგომი პერიოდის ( ახ. წ. V_XII_XVIIIსს) არქეოლოგიური ძეგლები. ისტორიული დიდი მცხეთის ფარგლებში დასტურდება მიწისქვეშა და მიწისზედა ძეგლები , რომელთა შორის მიწის ზედაპირზე უმეტესწილად შემორჩენილია საკულტო ( ეკლესია-მონასტრები) და ნაწილობრივ საერო (ციხე-სიმაგრეები) ნაგებობები. აგრეთვე, არქეოლოგიური გათხრების შედეგად გამოვლენილი და დაკონსერვებული მონუმენტური ძეგლები (შენობა_ ნაგებობები ,სასახლეები, ტაძრები, აბანოები, აკლდამები, სარკოფაგები ).